ზელენსკი: ტრამპს ვერ დავადანაშაულებ, მისი პრეზიდენტობისას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა არ მომხდარა, არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნებოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკრაინის არასაკმარის მხარდაჭერაში დადანაშაულება არ შეუძლია, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა არ მომხდარა.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბაიდენი უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე ადრე. მაგრამ ამავდროულად, ახლა ტრამპს ვერ დავადანაშაულებ, რადგან მისი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ამიტომ არ ვიცი, როგორ მოიქცეოდა იგი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, აწუხებს თუ არა მას ხელისუფლებაში ტრამპის შესაძლო დაბრუნების საკითხი, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ამერიკელი ხალხის საქმეა.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას აწუხებს ზოგიერთი გზავნილი, რომელიც აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს ჟღერდება.
„არის მესიჯები, რომელიც შეშფოთებას იწვევს. უფრო პოლიტიკურია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო პროცესის დროს ისმის მესიჯები უკრაინის მხარდაჭერის შემცირებაზე და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნო ნაბიჯებია. რაც შეეხება ამერიკის მხარდაჭერას, ორპარტიული მხარდაჭერა არის, ის რჩება და სრული მხარდაჭერა გვაქვს კონგრესში. რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური ატმოსფერო გადატვირთული იქნება, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ვნახოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.