სალომე ზურაბიშვილი: აფხაზური ენის დღე, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა
“დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება უნდა შეძლოს.
“სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.
საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს.
როგორც გასულ წელს ,,იუნესკოში“, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობითაა შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა”, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა.