Politico: აშშ ევროპაში ბირთვული ავიაბომბების – B61-12-ის განთავსებას აჩქარებს
შეერთებულმა შტატებმა ევროპის სამხედრო ბაზებზე ახალი თაობის ტაქტიკური ბირთვული ავიაბომბების – B61-12-ის განლაგება დააჩქარა, რომლებიც მოძველებულ ანალოგებს ჩაანაცვლებენ.
ამის შესახებ Politico აშშ-ის დიპლომატიურ ცნობასა და ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ ევროპაში B61-12-ის ჩატანა, სულ მცირე, 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა, თუმცა, ვადებმა მიმდინარე წლის დეკემბრისთვის გადმოიწია.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, შეხვედრებისას ნატოს 15-მა მოკავშირემ გამოთქვა შეშფოთება, რომ ალიანსი „არ უნდა დაემორჩილოს პუტინის ბირთვულ შანტაჟს“.
„რუსეთის ბირთვული რიტორიკის მზარდი მოცულობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ზოგიერთმა მოკავშირემ ნატოს ფარგლებში კონსულტაციების გაგრძელება მოითხოვა, რომ იყოს უზრუნველყოფილი მუდმივი მზადყოფნა და ინფორმაციის თანმიმდევრული გაცვლა“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნეს, რომ B61-ის მოდერნიზაცია მრავალი წელია, მიმდინარეობს და მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.
რაც შეეხება საავიაციო ბომბს – B61, ის ბირთვული ბომბების ოჯახს განეკუთვნება, რომელიც 1960-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და თავდაპირველად იყო გამოცდილი ნევადაში მიწისქვეშა ბირთვული წვრთნების დროს. ათწლეულების განმავლობაში ამ ბომბის ათეული ვერსია შეიქმნა და მათი უმეტესობა მას შემდეგ მოძველდა.
B61-12 გახანგრძლივების პროგრამა გამიზნულია 100-მდე მოძველებული ვერსიის ჩანაცვლებისთვის, რომლებიც ინახება, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების და თურქეთის ავიაბაზებზე.
განახლებული ბომბების ტარება შესაძლებელია ამერიკული ბომბდამშენებითა და გამანადგურებლებით, ასევე, მოკავშირეთა თვითმფრინავებით, მათ შორის, F-15, F-16, F-35 და Tornados.
თავად ქობინის ასაფეთქებელი ძალა შესაძლოა, გაიზარდოს ან შემცირდეს სამიზნის მიხედვით, რაც მას დაბალი და საშუალო სიმძლავრის იარაღად აქცევს.