„ჩვენი ამოცანა ვინმეს დახვრეტა არ არის” – რუსეთში ლგბტ პროპაგანდისთვის დააჯარიმებენ ან ქვეყნიდან გააძევებენ
რუსეთის დუმამ მედიაში, რეკლამის კანონში ლგბტ -პროპაგანდის გავრცელებასთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, იკრძალება ლგბტ პროპაგანდა არა მხოლოდ არასრულწლოვნებში, არამედ უკვე ზრდასრულ მოსახლეობაში.
შესწორების მიხედვით, თუ ქმედება ჩადენილია მედიაში ან ინტერნეტში, კერძო პირისთვის ჯარიმა 400 ათას რუსულ რუბლს შეადგენს, იურიდიული პირებისთვის – 5 მილიონს. ამავე ქმედებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასევე 400 ათასი რუბლით დააჯარიმებენ, ან 15 დღით დააკავებენ, ანდა ქვეყნიდან გააძევებენ.
„რეკლამის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილში ასევე შევიდა დაზუსტება, რომ „რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც ხელს უწყობს ან ასახავს არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს და (ან) პრეფერენციებს“.
მსგავსი ცვლილებები, რომლითაც ლგბტ პროპაგანდით ინფორმაციის გავრცელება იკრძალება, შედის ინფორმაციის და მედიის შესახებ კანონებში.
პლენარულ სხდომაზე კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ, ალექსანდრე ხინშტეინს მიმართა, რომ “ლგბტ პროპაგანდისთვის ჯარიმის დაწესება, ხომ არ არის ზედმეტად მსუბუქი სასჯელი?” რაზეც მიიღო პასუხად, რომ “ჩვენი ამოცანა არ არის ვინმეს ეზოში გაყვანა და დახვრეტა, არამედ გავაკეთოთ ისე, რომ ეს არ ხდებოდეს”.