აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის დარბევისთვის, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
როგორც გამოცემა იტყობინება, შეზღუდვები შეეხო ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელაღსრულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. ამასთან, სანქცირებულთა სიაში მოხვდა ევინის ციხის ხელმძღვანელიც.
„ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი მშვიდობიანად მართავენ საპროტესტო გამოსვლებს თავიანთი უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად და ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის დაკისრებას ირანში იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც ჩართული არიან ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებში“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ირანში საპროტესტო აქციები 17 სექტემბრიდან მას შემდეგ იმართება, რაც 13 სექტემბერს “მორალის პოლიციამ” 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. მაჰსა ამინის ორი საათის განმავლობაში აწამებდნენ, მას თავში სასტიკად ურტყამდნენ და აშინებდნენ. ამინის ტვინისა და გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. ის საავადმყოფოში 16 სექტემბერს გარდაიცვალა.