შალვა პაპუაშვილი: ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნაზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, საუბრისას გააკეთა.
„იცით, რომ იყო შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობა და აზრების გაზიარება. სხვადასხვა მოდელია მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში და ამ მოდელების გაანალიზების საფუძველზე შესაბამისი პროექტი მომზადდება. რამდენადაც ვიცი, დღეს უნდა იყოს, შეიძლება უკვე ჩატარდა სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელზეც საბოლოო პოზიციები შეჯერდებოდა. ვნახოთ, რა იქნება შედეგი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა იქნება საბოლოო სახე იმ გადაწყვეტილების, რომელსაც სამუშაო ჯგუფი და კომიტეტი მიიღებს ინიციატივის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.