სიმონიანსა და ზატულინს სომხეთში შესვლა აუკრძალეს
კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების – “როსია სეგოდნია” და RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აუკრძალეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სიმონიანმა დაწერა.
მანამდე, ანალოგიური აკრძალვა რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, კონსტანტინე ზატულინს შეეხო.
შესაბამისი აკრძალვა ზატულინს სომხეთის პარლამენტმა გაუგზავნა.
“კონსტანტინე ზატულინს, რომელიც მრავალი წელია – სომხეთს აქტიურად უჭერს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც”, – დაწერა სიმონიანმა.
ზატულინისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ დეპუტატის მიერ ბოლო დროს გაკეთებული საჯარო განცხადებები, სომხეთსა და რუსეთს შორის „მეგობრული და მოკავშირე ურთიერთობების განვითარებას აზიანებს“.
ზატულინი სომხეთში 28 ოქტომბერს, მის მიერ დაარსებულ, ლაზარევსკის კლუბის შეხვედრაზე უნდა ჩასულიყო.