პარლამენტში ომბუდსმენობის კიდევ ოთხ კანდიდატს ხვალ მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველობის კიდევ ოთხ კანდიდატს ხვალ მოუსმენს. პროცესი პარლამენტში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძის კანდიდატურების განხილვაა დაგეგმილი.

დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ სამ კანდიდატს – ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი პარლამენტში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინა, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები” უკლებლივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ, “ლელომ” და “რეფორმების ჯგუფმა” ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა” დაასახელეს – ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა “გირჩმა” სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

მმართველ გუნდს, სახალხო დამცველობის საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია.
როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, მათი მხრიდან კანდიდატის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები მიუკერძოებლობა და კომპეტენცია იქნება. მმართველ გუნდს შეკითხვებიც სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ.

მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები