“სომხეთში ჟურნალისტებსა და მედიაზე ზეწოლის შემთხვევებმა იმატა” – პარლამენტის სიტყვის თავისუფლების კომიტეტი

სომხეთში, 2022 წლის მესამე კვარტალში, მედიასა და მათ თანამშრომლებზე ზეწოლის შემთხვევები გაიზარდა, – განაცხადა ქვეყნის პარლამენტის სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აშოტ მელიქიანმა სომხეთში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობისა და ჟურნალისტებისა და მედიის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

მელიქიანის თქმით, მეორე კვარტალში ზეწოლის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მესამეში – უკვე 18. ამასთან, მისივე თქმით, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები შემცირდა.

გარდა ამისა, შემცირებულია ინფორმაციის მიღებისა და მიწოდების უფლების დარღვევის შემთხვევებიც.

„პრობლემები რჩება, კერძოდ, სამთავრობო უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვება კვლავ პრობლემურია როგორც ცალკეული ჟურნალისტებისთვის, ასევე, მთლიანად მედიისთვის. გაურკვეველი მიზეზების გამო, “თანამდებობის პირსა და ჟურნალისტს” შორის ურთიერთობა რჩება დაძაბული. მიმაჩნია, რომ ორივე მხარე არ იჩენს სათანადო თავშეკავებას ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა მან.

მელიქიანის თქმით, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის შეუძლებელია ჟურნალისტების მუშაობის პირობები დადებითად შეაფასო.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევებს, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საუბარია ძირითადად სასამართლო საქმეებზე, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებსა და დეპუტატებს შორის კონფლიქტებს, სხვადასხვა სახის მუქარას და სხვა.

ამასთან, მელიქიანმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობა რჩება იმავე დონეზე, გაზრდილია მხოლოდ ერთი ახალი სარჩელით და ყველა მათგანი შეურაცხყოფასა და ცილისწამებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები