“ის, ვინც დღეს უკრაინას არ უჭერს მხარს, ან მოტყუებულია ან ცივილურ ღირებულებებს უღალატა” – პოლონეთის პრემიერი
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის მხარდაჭერა დასავლური სამყაროს უსაფრთხოების ინტერესებშია და ვინც ამას არ აკეთებს, ან ცივილურ ღირებულებებს ღალატობს ან არ ესმის მოვლენების რეალური სურათი.
ამის შესახებ მან ბერლინში, უკრაინის აღდგენის და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მორავიეცკიმ თქვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო, ასევე, ფინანსური მხარდაჭერა როგორც უახლოეს მომავალში, ისე – 2023 წლის განმავლობაში.
პოლონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის საუკეთესო გარანტია მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
“ნებისმიერი, ვინც დღეს უკრაინას არ უჭერს მხარს, ან ღალატობს ცივილიზაციის ფასეულობებს ან რუსეთის მიერ არის მოტყუებული. ან პირველიც და მეორეც”, – აღნიშნა მატეუშ მორავიეცკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლის დამარცხება უფრო ახლოსაა, ვიდრე – ადრე და ეს ხდება უკრაინელი სამხედროების ძალისხმევის, დასავლეთის სანქციებისა და დასავლეთის ქვეყნების მონდომებისა და ერთიანობის წყალობით.
“რუსეთის ფედერაციასთან ომი რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა ავაშენოთ სრულიად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა – როგორც ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური განზომილებებით. უკრაინის ეკონომიკური აღდგენა ასევე არის ევროპის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა”, – თქვა მორავეცკიმ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აგრესორმა ქვეყანამ უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანის საფასური, მაგალითად, იგივე გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე.
“რუსეთმა უკრაინას რეპარაციები უნდა გადაუხადოს. ისტორიაში ხშირად მომხდარა, რომ აგრესორმა შედეგების აცილება შეძლო”, – თქვა პოლონეთის პრემიერმა.