გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა” შესახებ კანონპროექტის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შინაურ ბინადარ ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კომიტეტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონის პროექტის სამუშაო ვერსია წარადგინა. კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანისა და ცხოველისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ცხოველთა დაცვას სასტიკი მოპყრობისაგან, ცხოველთა კეთილდღეობის და მათი მიკვლევადობის უზრუნველყოფას, ცხოველთა გამრავლების კონტროლსა და ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვას.
„პროექტის მთავარი მიზანია, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის საკითხებს, განსაკუთრებით ისეთი მართვის საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებასთან.
პრობლემა, რომელიც ნამდვილად თვალსაჩინოა და სამწუხაროდ მზარდია, აწუხებს თითოეულ ჩვენგანს, აწუხებს ცხოველთა მოყვარულებს, მუნიციპალიტეტებს და რიგით მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე წლის წინ კანონმდებლობა გამკაცრდა სამართლის კუთხით, კვლავ ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია ჰუმანურ საზოგადოებაში. თუ არ შეიქმნა ერთიანი სამართლებრივი სისტემა, თუ არ მოემზადა თითოეული მუნიციპალიტეტი, შეუძლებელი იქნება პრობლემის გადაჭრა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულმა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კანონპროექტის ძირითადი პრინციპებისა და განსახორციელებელი სისტემური ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე გამოთქმული წინადადებები და მოსაზრებები კანონპროექტში აისახება და „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება.