“საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა” – კვლევა
ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე აღნიშნავს. მისივე თქმით, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.
„ბოლო 4 წელია, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. ეს არის თამბაქოს კონტროლის რეფორმების კომპლექსური განხორციელების შედეგი. სოციალური თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ, გადასახადების და ფასების ზრდამ, მარკეტინგის ყველა ფორმის, პოპულარიზაციის, რეკლამების აკრძალვამ მოგვცა შედეგი, რომელსაც ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ველოდით”, – აღნიშნა ბახტურიძემ.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის განცხადებით, საბოლოო მიზანია, რომ 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს.
“ჩვენი საბოლოო მიზანია, 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გახდეს, ანუ მოსახლეობაში თამბაქოს პროდუქტის მოხმარება 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. დღეს თამბაქოს 27% მოიხმარს. ჩვენი მიზანია, 2040 წლისთვის თამბაქოს ნაწარმთან ასოცირებული ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტი აბსოლუტურად ნიველირებული იყოს. ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, რომ თამბაქოთი არ ავადდებოდეს და უფრო მეტი, არ იღუპებოდეს ადამიანი”, – აცხადებს ბახტურიძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.