“უკრაინაში იჩკერიის შეიარაღებული ძალების აღორძინება დაიწყო” – აჰმედ ზაკაევი
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დეოკუპაციის კომიტეტმა საბრძოლო რაზმების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომ უკრაინის მხარეს რუსეთის აგრესიის შეწინააღმდეგება მოხერხდეს.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში იჩკერიის მთავრობის მეთაურმა, აჰმედ ზაკაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე 4 ბატალიონია შექმნილი და მეხუთეს ჩამოყალიბება მიმდინარეობს.
„ძალიან ხშირად ვიმყოფები კიევში, რადგან აქ ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკის შეიარაღებული სტრუქტურების ჩამოყალიბება დაიწყო. 26 თებერვალს, აგრესიის დაწყების შემდეგ, დეოკუპაციის სახელმწიფო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად დავიწყებდით რაზმების შექმნას და მას შემდეგ ჩვენი, უკრაინის მრავალ სტრუქტურასთან ერთად თანამშრომლობა გრძელდება. დღეს უკვე ვაცხადებთ, რომ ოთხი ბატალიონია შექმნილი და მეხუთეს ჩამოყალიბება მიდის. ანუ დღეს იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აღორძინება მიდის. ჩვენი აქ ყოფნა აუცილებელია ყველა იმ მოვლენის ფონზე, რაც აქ ხდება“, – განაცხადა მან.
18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო.