ილონ მასკი: Starlink-ი უკრაინაში პენტაგონის დაფინანსების გარეშეც იმუშავებს
კომპანია SpaceX-ი უკრაინაში Starlink-ის მომსახურებას პენტაგონის დაფინანსების გარეშეც გააგრძელებს.
ამის შესახებ SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა.
“მანამდეც კი, სანამ თავდაცვის უწყება პასუხს გასცემდა, მე ვუთხარი უკრაინის ციფრული ინფორმაციის მინისტრს, მიხაილ ფედოროვს, რომ SpaceX-ი Starlink-ს არ გათიშავს მაშინაც კი, თუ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მის დაფინანსებაზე უარს იტყვის,” – დაწერა მასკმა.
ამერიკელი მეწარმის ამ განცხადებას მიხეილ ფედოროვი გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ნამდვილად მოისმინა მასკისგან დაფინანსების მზაობა.
“თქვენ დამიდასტურეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფთ Starlink-ის მოწყობილობების მუშაობას უკრაინაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
13 ოქტომბერს ილონ მასკმა პენტაგონს მიმართა, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირების დაფინანსება. SpaceX-მა უკრაინას, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 20 ათასამდე თანამგზავრული ერთეული მიაწოდა.
Starlink მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სატელიტური პლატფორმის შემუშავებას საკომუნიკაციო თანამგზავრების წარმოებისთვის და მათი დიდი რაოდენობის კოსმოსში გაშვებისთვის. სისტემა უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი ინტერნეტის წვდომას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
სწორედ ამ სისტემების მუშაობაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროების კომუნიკაცია. SpaceX-ში განაცხადეს, რომ სისტემებით უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დამატებით 120 მილიონ დოლარზე მეტი დასჭირდება და, დაახლოებით, 400 მილიონ დოლარზე მეტი – მომდევნო წელს.
თუმცა, მეორე დღეს, 14 ოქტომბერს მასკმა განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინაში Starlink-ის დაფინანსებას.
21 ოქტომბერს Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრი სახლი მასკის ბიზნესის შემოწმებას გეგმავს. საუბარია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება მასკის საწარმოები შეერთებული შტატების უსაფრთხოების მოთხოვნებს.