“რუსეთის ბირთვული შანტაჟი” – რეზნიკოვმა “ბინძურ ბომბთან” დაკავშირებით ბრიტანეთის, თურქეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან ისაუბრა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, საკუთარ ტერიტორიაზე “ბინძური ბირთვული ბომბი” გამოიყენოს, არის რუსეთის მხრიდან “ბირთვული შანტაჟის აქტი”.
ამის შესახებ მან ბრიტანელ, თურქ და ფრანგ კოლეგებთან საუბარში თქვა.
როგორც რეზნიკოვმა “ტვიტერში” დაწერა, “კოლეგებმა მაცნობეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებების შესახებ. მე ვუპასუხე რუსეთის ყველა ყალბ ბრალდებას. ეს არის რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის აქტი. მინდა, გავიმეორო: უკრაინა ღიაა ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიისთვის“.
მინისტრმა ასევე დაწერა, რომ გეგმავს საუბარს პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან, რომლის დროსაც შეეხება „რუსული ბირთვული შანტაჟის მორიგ აქტს და თავისუფალი სამყაროს პასუხს“.
23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში უკრაინაში სიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრა და გამოთქვა შიში, რომ უკრაინამ შესაძლოა, საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბირთვული ბომბი“ გამოიყენოს.
საპასუხოდ, აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის განცხადებას “აშკარად ცრუ” უწოდეს.