“რუსეთის აშკარად ცრუ განცხადება” – აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი “ბინძური ბომბის” გამოყენების შესახებ შოიგუს განცხადებას პასუხობენ

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ რუსეთში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.

„ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსული აგრესიის გაგრძელების ფონზე. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვას თავისი ტერიტორიები, სანამ ეს საჭირო იქნება.

დღეს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით, მასთან საუბარი გამართეს. ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ უარვყოფთ რუსეთის აშკარად ცრუ განცხადებებს, რომ უკრაინა საკუთარ მიწაზე „ბინძური ბირთვული ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება. მსოფლიო განიხილავს ამ განცხადების ნებისმიერი გამოყენების მცდელობას – ესკალაციის საბაბად. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც გვიან ღამით გამოქვეყნდა.

23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში უკრაინაში სიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრა და გამოთქვა შიში, რომ უკრაინამ შესაძლოა, საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბირთვული ბომბი“ გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები