ნანა ჭალიძე: ლიკანში მდებარე კორპუსს, რომელშიც აფეთქება მოხდა, ექსპერტიზა ჩაუტარდება 

ლიკანში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მდგრადობას, რომელშიც გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ბორჯომის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ნანა ჭალიძის თქმით, ამ ეტაპზე ოჯახები სასტუმროშია დაბინავებული.

„წუხელ მათ ყველანაირი დახმარება გავუწიეთ. 48 ოჯახიდან, 70 ადამიანი გავიყვანეთ და დავაბინავეთ სასტუმროში. ვინაიდან შაბათ-კვირაა და ზოგი სოფელშია გასული და ზოგი ნათესავთან, რამდენიმე ოჯახს ველოდებით. დღეს უნდა მოვიდეს 15 ადამიანი. ამ 15 ადამიანსაც სასტუმროში დავაბინავებთ, შემდეგ, ველოდებით ექსპერტს, რომელიც იტყვის ამ ბინის მდგომარეობის შესახებ, იქნება თუ არა მოსახლეობის შეშვების საშუალება. ყველანაირად ვაქცევთ ყურადღებას“, – აცხადებს ნანა ჭალიძე.

ცნობისთვის, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები