მე-12 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა” ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა.

„ალფა” ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ.

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი ნატოს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში გადის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები