“2023 წელს უკრაინა 18 მილიარდ ევროს მიიღებს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინა საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 2023 წელს 18 მილიარდ ევროს მიიღებს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, – იტყობინება Unian-ი.

ევროკავშირის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ადრე შეთანხმებული იყო უკრაინის 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც, ნაწილობრივ, მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიყოფა.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან, ევროკავშირმა უკრაინას 19 მილიარდი ევრო გამოუყო.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება 2023 წელზე გამახვილდა, “უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავლის ნაკადი“.

“უკრაინა გვეუბნება, რომ მათ სჭირდებათ, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო თვეში, რომ ძირითადი საჭიროებისთვის საკმარისი რესურსი ჰქონდეთ და ეს 3-4 მილიარდი ევრო უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა, ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ამიტომ, დისკუსია გამახვილდა თვეში 1,5 მილიარდ ევროზე, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან განმარტა, რომ მომავალ წელს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დახმარებით, უკრაინას 18 მილიარდი ევრო გადაეცემა.

„დავავალეთ ფინანსთა მინისტრებს, შეემუშავებინათ შესაბამისი მექანიზმი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო მესიჯი უკრაინისთვის, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საიმედო შემოსავლის ნაკადი“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები