ბრიტანეთის პრემიერობისთვის თავდაცვის მინისტრი არ იბრძოლებს – უოლესმა მხარი ჯონსონს საჯაროდ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი მომავალ პრემიერმინისტრად ბორის ჯონსონის კანდიდატურას უჭერს მხარს.
Sky News-ის ცნობით, თავად უოლესმა ამ თანამდებობისთვის ბრძოლაზე უარი თქვა და მიანიშნა, რომ კამპანიის დროს მხარს ყოფილ პრემიერს დაუჭერს.
”ამჟამად, მე ბორის ჯონსონისკენ ვიხრები,” – თქვა მან და დასძინა, რომ ჯონსონთან კითხვები რჩება და იგულისხმა ის გამოძიება, რომელიც ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით არის დაწყებული.
უოლესი ბრიტანეთის მთავრობის მეორე მინისტრი გახდა, რომელმაც ჯონსონს მხარი საჯაროდ დაუჭირა. მანამდე, ყოფილ პრემიერს მხარდაჭერა მეწარმეთა საკითხთა მდივანმა, ჯეიკობ რის-მოგმა გამოუცხადა.
უოლესმა თქვა, რომ კონსერვატიულმა პარტიამ ასევე უნდა იფიქროს იმაზე, თუ “ვის აქვს მანდატი” და აღნიშნა, რომ ჯონსონმა 2019 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.
მან დასძინა, რომ პარტიამ „ფოკუსირება უნდა მოახდინოს“ იმაზე, თუ ვინ მოიტანს ერთობას და ვინ შეძლებს მომდევნო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას.
ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა. ის ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს 45 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.