ერდოღანი: პუტინი მოლაპარაკებების მიმართ ბევრად რბილი და ღია გახდა, ვიდრე ადრე იყო
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების იმედს არ კარგავს და, მისი თქმით, ორივე ლიდერმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, – წერს CNN Turk-ი.
ერდოღანის თქმით, „პუტინი მოლაპარაკებების მიმართ ბევრად რბილი და ღიაა, ვიდრე ადრე იყო“. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული გუშინდელი მოლაპარაკებების დროს იგრძნო, რომ „მასაც აღარ აქვს ისეთივე ბლოკირება და ისიც საკითხის დაძლევის მომხრეა”.
„ორივე ლიდერის მოსმენის შემდეგ დავინახავთ, რამდენად შორს შეუძლია, წაიყვანოს სატელეფონო დიპლომატიას, რომელსაც ჩვენ უახლოეს დღეებში განვახორციელებთ. იმედი გვაქვს, რომ ორი ლიდერის გაერთიანებით მშვიდობის გზას გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ორივე მხარე სერიოზულ დანაკარგს განიცდის. მე მჯერა, რომ მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს”, – განაცხადა ერდოღანმა.