ბორის ჯონსონი პრემიერობისთვის ისევ იბრძოლებს – ყოფილი პრემიერი შვებულებას წყვეტს
ბორის ჯონსონი შვებულებიდან ბრუნდება, რომ კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და, შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.
ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ჯონსონი კონსერვატიულ დეპუტატებს უკვე მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ დაუნინგ-სთრითზე მის დაბრუნებას. ჯონსონი მიიჩნევს, რომ მომდევნო არჩევნების მოგებას მხოლოდ მას შეუძლია.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ყოფილი პრემიერი სთხოვს პოტენციურ კანკურენტს, რიში სუნაკს დაუკავშირდეს მას, რათა მთავრობაში „ისევ ერთად ვიყოთ“.
ჯონსონი კარიბის ზღვიდან დღეს დაბრუნდება და უკვე ხვალ, 21 ოქტომბერს დაგეგმილია კამპანიის მხარდამჭერთა შეხვედრა, ჯეიკობ რიზ-მოგის ხელმძღვანელობით.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა გუშინ, 20 ოქტომბერს, მთავრობაში ყოფნის 45 დღის შემდეგ დატოვა.
კვირის დასაწყისში, ფინანსთა ახალმა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა გამოაცხადა ტრასის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმის გაუქმება, რის გამოც კონსერვატიულმა პარტიამ მისი გადადგომის განხილვა დაიწყო.
გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ტრასმა თქვა – „მე ვაღიარებ, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ შევასრულებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“.
ამასთან, ქვეყნის ოპოზიციამ, კერძოდ კი, ლეიბორისტულმა პარტიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა მოითხოვა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ, კირ სტარმერმა თქვა, “თორის” 12- წლიანი წარუმატებლობის შემდეგ, ბრიტანელები ბევრად უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე ეს ქაოსია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “თორიელებმა” რეკორდულად მაღალი გადასახადები დააწესეს, გაანადგურეს ჩვენი ინსტიტუტები და შექმნეს საყოფაცხოვრებო კრიზისი. მათ ეკონომიკა იმდენად გაანადგურეს, რომ ადამიანებს უწევთ ყოველთვიურად 500 ფუნტის ოდენობის დამატებითი იპოთეკური სესხის გადახდა. მათ მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას წლები დასჭირდება“.
მისი თქმით, კონსერვატიული პარტია ბოლო წარუმატებლობებს ხელახლა “თითების ტკაცუნით” და ბრიტანელების გარეშე, ხალხის შეცვლით ვეღარ შეძლებს.