როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდა – ლევან სილაგავას განმარტება

როგორ აისახება ქართულ ბაზარზე რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდა – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო გადასახადი მკვეთრად იზრდება, წისქვილკომბინატებს და ადგილობრივ წარმოებას გაჩერების საფრთხე ემუქრება. როგორც სილაგავამ განაცხადა, საქართველოში, სავარაუდოდ, ისევ ფქვილის იმპორტი განხორციელდება.

„რუსეთის საექსპორტო ბაჟი, რომელიც ხორბალზე ყოველკვირეულია, დაახლოებით, 50 %-ით გაიზარდა. გუშინდელი დღიდან გადასახადი 1 ტონა ხორბალზე 47 დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც წინა კვირაში 32 დოლარი იყო. რაც შეეხება ამის გავლენას: საქართველოს ბაზარი, ჯერჯერობით, სტაბილურია. ვიცით, რომ მთელი 2021-22 წლის სეზონის განმავლობაში, რაშიც მარკეტინგული წელი იგულისხმება, ესაა მოსავლის აღებიდან შემდეგი მოსავლის აღებამდე, ანუ 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდში, ფქვილის იმპორტი უფრო აქტიურად მუშაობდა, ვიდრე წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილი. რუსეთის მიერ შემოღებული საექსპორტო – საბაჟო გადასახადი მუდმივად იზრდებოდა, ფქვილის გამოტანაზე გადასახადი 0 % იყო, ხორბლის გამოტანაზე გადასახადის მაქსიმუმები 120-150 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამან საქართველოში ხორბლის შემოტანა უინტერესო გახადა, წისქვილები გაჩერდა.
მთლიანობაში ფქვილის იმპორტმა ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლა. თუმცა, ბოლო 2 თვის განმავლობაში, როცა უკრაინაში, რუსეთსა და ყაზახეთში მოსავლის აღება დაიწყო, ხორბლის დიდმა მოსავალმა ფასების ძირს წამოსვლა გამოიწვია, ხორბალი და ფქვილი გაიაფდა, წისქვილკომბინატები ამუშავდა. თუმცა, დღეს, სამწუხაროდ, ისევ საპირისპირო სიტუაცია გვაქვს, წისქვილკომბინატები იმავე ფაზაში მეორეჯერ შევდივართ. გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო გადასახადი მკვეთრად იზრდება, წისქვილკომბინატებს და ადგილობრივ წარმოებას გაჩერების პრობლემა ემუქრება. საქართველოში, სავარაუდოდ, ისევ ფქვილის იმპორტი განხორციელდება.

ახალი გამოწვევაა. იმავე სიტუაციაში შევდივართ. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმას, რაც რამდენჯერმე გაჟღერდა: ფქვილის იმპორტი სწორი მოდელი არ არის. სწორი მოდელია წისქვილკომბინატების მუშაობა. ეს უნდა განხორციელდეს. წისქვილკომბინატების  მუშაობის შემთხვევაში ჩვენ პირობას ვიძლევით, რომ  ფქვილის ფასს, პურის ფასს მაქსიმალურად დავიცავთ,  შესაბამისად სასურსათო უსაფრთხოებასაც.

წისქვილკომბინატების მუშაობის შემთხვევაში,  ხორბლის მუდმივი, გარდამავალი 2 – თვიანი მარაგები იარსებებს,   რომელიც გაძვირების შემთხვევაში, ფქვილს  საშუალო შეწონილი ფასით გამოუშვებს  და ფქვილის ფასის ისეთი დარტყმითი ეფექტები არ გვექნება, როგორიც 1 წლის განმავლობაში იყო,  როცა პური 3 ტალღად  გაძვირდა. გარდამავალი მარაგები გვექნება, რომელიც საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.  სამუშაო ადგილებიც  შენარჩუნდება.  აქ ასევე არის ქატოს გამოშვების საკითხიც. როდესაც წისქვილკომბინატები მუშაობს,   ფქვილთან ერთად ქატოსაც უშვებს.  იმ შემთხვევაში  თუ ფქვილის იმპორტი ხორციელდება, ქატოც შემოსატანი ხდება.  ამავე დროს,  ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობის დროს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავალი შედის,  შესაბამისად, საქართველოს  ბიუჯეტი ივსება“, – განაცხადა სილაგავამ.

სილაგავამ ხორბლის მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარემ გაეროში ელჩის მეშვეობით განაცხადა, რომ რუსეთი ე.წ. უკრაინის დერეფანზე უარის თქმას განიხილავს, ხორბლის მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია დაიძაბა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ვიცით, რომ აქამდე ე.წ. უკრაინის ხორბლის დერეფანი მოქმედებს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს ხორბალი, სხვადასხვა სახეობის მარცვლეული მიეწოდება. ამ დერეფნის ამუშავება ჯერ კიდევ ივნისის თვეში მოხდა, რუსეთს, უკრაინას, გაეროს და თურქეთს შორის მიღწეული იყო შეთანხმება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორბალი შესულიყო, რადგან მათ შორის ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში სურსათის მიწოდება პრობლემა იყო. ამ ხელშეკრულების პირველ ეტაპს 15 ნოემბერს ვადა გასდის. შესაბამისად, ის გასაგრძელებელია. ამაზე თანხმობა ოთხივე მხარემ უნდა განაცხადოს. ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ რუსეთი ამ დერეფნის მუშაობით უკმაყოფილოა, ამ ხელშეკრულების დადების პერიოდში მეორე კომპონენტიც იყო – გაეროს და რუსეთს შორის მემორანდუმი, რომელიც თანახმადაც, როგორც ამას რუსეთის მხარე არქმევს, მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ხორბლის გატანას ხელი არ უნდა შეშლოდა. რუსეთის ხორბალი მსოფლიო ბაზარზე გასატანად სანქცირებული არ იყო, თუმცა, სხვა სახის სანქციები არსებობდა: მსოფლიოს სხვადასხვა პორტში რუსეთის გემების შესვლაზე, ასევე, გადარიცხვის პრობლემები იყო, თავად გადამზიდავები რუსული ნივთების, მათ შორის, ხორბლის გადაზიდვას ერიდებოდნენ იმის გამო, რომ მათ დაზღვევები არ უკეთდებოდა. დაუზღვეველი ტვირთის გადაზიდვიდან თავს იკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ხორბლის გატანა სანქცირებული არ იყო, ამ სხვა სამი კომპონენტიდან გამომდინარე, ექსპორტზე რუსული ხორბლის გატანა მაინც შეფერხებით ხორციელდებოდა. რუსეთის მხარემ გაეროში ელჩის მეშვეობით განაცხადა, რომ რუსეთი ამ დერეფანზე უარის თქმას განიხილავს, შესაბამისად, ამან ხორბლის ბაზარზე სიტუაცია დაძაბა. ამის შემდეგ მოსკოვში გაეროს დელეგაცია ჩავიდა. გარკვეულწილად ზოგადი ინფორმაცია იყო, რომ იმუშავებენ და ალბათ, შეთანხმება მიღწეული იქნებოდა. აღნიშნულმა გარკვეულწილად ფასების ნიველირება გააკეთა, თუმცა, მსოფლიო მაინც საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. არის იმის რისკი, რომ ხორბლის დერეფნის მუშაობა აღარ გაგრძელდეს. ამის შემდეგ, ცხადია, ფასები, სავარაუდოდ, ზემოთ წავა“, – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები