რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე და ზაზა ლომინაძე ისრაელის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრმა – რატი იონათამიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გივი მიქანაძესა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად, ისრაელის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი სამედიცინო ტურიზმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შინ მოვლისა და სარეაბილიტაციო სერვისების გაძლიერების მიმართულებით ისრაელის გამოცდილებას შეეხო. სტუმრებმა, „დანელ ჯგუფის” ხელმძღვანელმა – ილან ისრაელმა და მიხაილ ბარკანმა ქართველ პარლამენტარებს ისრაელის მოდელი გააცნეს აღნიშნული სამედიცინო სერვისების მიმართულებით. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ისრაელის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან იმ სერვისებზე ვისაუბრეთ, რომლებიც კარგად არის განვითარებული ისრაელში და ჩვენთვისაც საინტერესო გამოწვევას წარმოადგენს. ასეთია თუნდაც შინ მოვლის სერვისი, რასაც ჩვენ ახლა ვააქტიურებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც აღნიშნულ სფეროში და სამედიცინო სერვისების განვითარების სფეროში არსებობს ისრაელში და ასევე სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, ამ მხრივ ის საინვესტიციო კლიმატი, რომელიც დღეს არის საქართველოში, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების და ინვესტორების კიდევ უფრო მეტი დაინტერესება გამოვიწვიოთ. ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესებს მსგავსი შეხვედრებიც შეუწყობს ხელს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები