ბერშუეთში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელებს
გორის მუნიციპალიტეტში, საპკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან 55 წლის თამაზ გლურჯიძის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებული არიან პარტნიორები.
“მიმდინარე წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.