„მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, ასევე, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს“ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, ასევე, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ცხოველის მეპატრონეებს რეგულაციებს დაუწესებს.

„ამ ეტაპზე, დარგის სპეციალისტებთან ერთად ერთიანი კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტშია. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მისი საშემოდგომო სესიებზე განხილვაა დაგეგმილი. თბილისში გვაქვს რეგულაცია, გამონაკლისები, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებზეა დამატებით რეგულაცია, თუმცა, არ არსებობს ნუსხა იმისა, თუ რომელიც ჯიშის ძაღლია აგრესიული.
საყოველთაოდ ცნობილი ჯიშები რომელიცაა, ეს გასაგებია, ზუსტად მაგით ვხელმძღვანელობთ, როცა პირი ცხოველის გასეირნების წესს არღვევს, მისი სანქცირება ადმინისტრაციული წესით ხდება. თუმცა, აუცილებელია, ასეთი ნუსხა არსებობდეს. ზოგი ნაკლებად ერკვევა ცხოველებში, ზოგი – მეტად. ზოგს კითხვები უჩნდება: მაგალითად, ბევრჯერ მინახავს, როცა პიტბულის პატრონმა არ იცის, რომ ეს ჯიში აგრესიულია, რადგან მასთან თვინიერად იქცევა, არ კბენს, ჰგონია, რომ ეს ძაღლი მშვიდია. კანონპროექტით ნუსხა შემუშავებულია, სადაც კონკრეტული ჯიშების ჩამონათვალია. ახალი არავის არაფერი გამოუგონია. ცხოველების უფლებების დაცვის სფეროში მოწინავე ქვეყნების გამოცდილება იქნა გაზიარებული. ჯიშების ჩამონათვალს რაც შეეხება: დარგის სპეციალისტებთან კონსულტაცია მიმდინარეობს , რათა ზუსტად განისაზღვროს ჯიშები, ასევე, რა ფორმით მოხდეს ეს: მახასიათებლებით, თუ კონკრეტული დასახელების ჩამონათვალი გაკეთდეს. ამ ეტაპზე, ორივეა გათვალისწინებული. მაგალითად, ძაღლის სიდიდე, რა ზომისაა და ა.შ. ეს საკითხი კომპლექსურ რეგულირებას საჭიროებს. საკანონმდებლო აქტი უნდა არსებობდეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე, სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომისიის წარმომადგენლები ამ კანონპროექტის შემუშავებაში არიან ჩართულები. იქ ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტია გათვალისწინებული, რაც, ზოგადად, ამ სფეროშია საჭირო, რომ დარეგულირდეს. მათ შორის, ცხოველების უკონტროლოდ მომრავლება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება. მაგალითად: არის მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, თუ არა. აქაც ახალს არაფერს ვიგონებთ. ასეა ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი.  ნორვეგიაში ასეთი  ძაღლის ყოლა, გამრავლება, გასხვისება, ქვეყანაში შეყვანა საერთოდ აკრძალულია. თუ ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას უკუძალა არ ექნება. მაგალითად, ვისაც მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, შეზღუდვა მას არ შეეხება, მას არ მოუწევს, ცხოველი დააძინოს ან სხვა ქვეყანაში გაიყვანოს. შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება.

ამასთან, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით კანონპროექტში გავითვალისწინეთ შემდეგი დებულება, მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდება 16 წლამდე ასაკის პირს. ვფიქრობთ, რომ რადგან ეს მაღალი რისკის საკითხია, აგრესიული ცხოველი საფრთხის წყაროა, აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოვიღოთ. ხშირად ნახავთ, რომ პატარა ბავშვი აგრესიული ჯიშის დიდ ძაღლს ასეირნებს ხოლმე. პირადად შევსწრებივარ, რომ ასეთი ძაღლი გაქცევია ბავშვს და სხვა ბავშვისთვის უკბენია“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით,  განისაზღვრება – რა ქმედებები  ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და  რა – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

„ამ კანონპროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ისე –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი. განისაზღვრება,  რა ქმედებები ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და  რა –  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. მაგალითად, როდესაც პირი ცხოველის გასეირნების დროს უსაფრთხოების ნორმებს არღვევს, აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს და ამას  ადამიანის,  ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება, ან სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გავა.

აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხას რაც შეეხება, ჯიშები იქნება ჩამონათვალში. ასევე,  თუ 16 წლამდე ბავშვს არ უნდა მივანდოთ ძაღლის გასეირნება, ხომ არ უნდა იყოს შემოღებული ძაღლის სიდიდე, ზომა. შესაძლოა, აგრესიული არ იყოს, მაგრამ დიდი ზომის ძაღლი, შეიძლება, გაიქცეს და თავად გახდეს სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი. მიზანშეწონილია, რომ უნარების მქონე პატრონს ჰყავდეს ასეთი ძაღლი ქუჩაში გამოყვანილი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით,  კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,   აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბმელით იქნება საჭირო.

„რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, რომ ალიკაპით მოხდეს გარკვეულ საათებში გასეირნება და საბმელით, მათ შორის, ტრანსპორტირება  კონტეინერით.  

პატრონს  თავისუფლად შეეძლება  ალიკაპის და საბმელის გარეშე გაასეირნოს ძაღლი,  რომელიც ამ ნუსხაში არ იქნება.

რადგან ვსაუბრობთ  ცხოველთა უფლებებზე,  მათი პატრონის ინტერესებზე, რომ ცხოველი ჰარმონიულ გარემოში ჰყავდეს,  გარკვეული შეზღუდვების შემოღებაცაა აუცილებელი. უფლება ვალდებულების გარეშე არ არსებობს. უნდა გამოიკვეთოს, სად მთავრდება  ცხოველის უფლება, პატრონის ინტერესი – ცხოველი მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში  ჰყავდეს და სად იწყება ადამიანის და მის კუთვნილებაში მყოფი ცხოველის უფლება. აგრესიის მსხვერპლი ხშირად სხვა ცხოველებიც ხდებიან. ბევრი შემთხვევაა, როცა აგრესიული ჯიშის ძაღლი სხვა ძაღლებს  აზიანებს, ან კლავს.  ამას წინ ნაძალადევის რაიონში  იყო შემთხვევა,  როცა პიტბულმა  სხვა ადამიანის კუთვნილებაში მყოფი ძაღლი დაგლიჯა, პატრონსაც უკბინა. ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც განვახორციელეთ, ეს ძაღლი კონტროლზეა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მანვე განმარტა, რა რეგულაციები მოქმედებს ამჟამად ქვეყანაში.

„ამ კვირის განმავლობაში აგრესიული ჯიშის ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის  რამდენიმე შემთხვევა იყო.  ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტებს რეგულაციები  ცალკე აქვთ.  შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებით ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, ამ ეტაპზე, არ არსებობს. დედაქალაქში ასეთი რეგულაცია გვაქვს: აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება  დილის 07:00 საათიდან ღამის 23 :00 საათამდე პერიოდში შესაძლებელია გრძელი საბმელით და ალიკაპით,   ან მოკლე საბმელით ალიკაპის გარეშე. ტრანსპორტირება აუცილებლად მოკლე საბმელით და ალიკაპით.  ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00-მდე  შესაძლებელია მხოლოდ ალიკაპით გასეირნება საბმელის გარეშეც, თუ ალიკაპის გაკეთება არ სურთ, ამ შემთხვევაში  ის რეგულაციაა, რაც  დღის საათებში:  ან გრძელი საბმელით ალიკაპით, ან მოკლე საბმელით ალიკაპის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხებათ ე.წ. დეკორატიული ჯიშის ძაღლებს. ეს რეჟიმი ცხოველების გასასეირნებლად  სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში  არ მოქმედებს.   თბილისში შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი მოქმედებს, ეს პოპულაციის მართვის წესსაც მოიცავს. მუნიციპალიტეტები ამ საკითხს ცალ-ცალკე დამოუკიდებლად არეგულირებენ,    თბილისი ამ სფეროში პირველი იყო, თბილისის პრაქტიკას და რეგულირების ფორმას იყენებენ“, – განაცხადა იოსელიანმა.

თამუნა შეყილაძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები