როგორია ვაკის პარკში დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ექიმების ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული 2 მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები, ამ ეტაპზე, დასტაბილურებულია.
“ნიუ ჰოსპიტალსში” მოთავსებული ერთ-ერთი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. არასრულწლოვანი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროება.
კლინიკის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 13 წლის მოზარდს, ხელოვნური ვენტილაცია ტვინის დაზიანების თავიდან ასაცილებლად დასჭირდა. დავით ციბაძის განმარტებით, მომავალი 24 საათი გადამწყვეტია ტვინის დაზიანებისა და სხვადასხვა დინამიკის შესაფასებლად.
რაც შეეხება მეორე დაშავებულ ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გუშინ ვაკის პარკის შადრევანში მოზარდებს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა. შსს მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით იძიებს.