ირაკლი ზარქუა: კარგი იქნებოდა, თუ აშშ-ის ელჩის მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართულებით, რომ მეტად იყვნენ ჩართულნი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და უმჯობესი იქნებოდა ეს განცხადება რადიკალური ოპოზიციისადმი ყოფილიყო მიმართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ღამის კურიერში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ ახლა საქართველოს ლიდერების მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები.

ირაკლი ზარქუამ აშშ-ს თანადგომისთვის, მათ შორის დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ინსტიტუციების განვითარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

„მე მოვისმინე ქალბატონი ელჩის ეს განცხადება. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი აშშ-ს იმ თანადგომისთვის, მათ შორის დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ინსტიტუციების განვითარებისთვის, მაგრამ ვისურვებდი ქალბატონ ელჩს განცხადება გაეკეთებინა არამხოლოდ მმართველი პარტიისთვის, ჩვენ ისედაც ჩართულები ვართ და ის რომ ყველა კანონპროექტი მზად გვაქვს 12-პუნქტიანი გეგმის, ეს ამაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ თემას. კარგი იქნებოდა თუ ეს მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართულებით, მოუწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, რომ მეტად იყოს ჩართული. მე მაგალითად გამიხარდებოდა, იმიტომ რომ ავტორიტეტული ქალბატონი ბრძანდება და ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა და ეს განცხადება, რეკომენდაცია თუ რჩევა უფრო რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის.

ჩვენი ამოცანა არის რომ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ამას ნახავს როგორც საქართველოს მოსახლეობა, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შემდეგ უკვე ვნახოთ ოპოზიციის პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები