საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II” გაიხსნა.

ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. წლევანდელი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოსა და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან, თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის, დოქტორ სიმონ ზაზაძის ხსოვნას მიეძღვნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილია მოხსენებები სტამბოლის ქართულ კათოლიკურ სავანეზე, დოქტორ სიმონ ზაზაძისა და ზაზაძეების საგვარეულოს ისტორიასა და ქართული კულტურის წინაშე დამსახურებაზე, ასევე – ქართული კათოლიციზმის ისტორიის, ისტორიულ ქართულ დიასპორათა (თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში) ყოფის, კულტურისა და ენობრივი ვითარების შესახებ. სიმონ ზაზაძე – გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, ბიზნესმენი და ქართული კულტურის დიდი მოამაგე, 1962-1982 წლებში მამასთან, პავლე ზაზაძესთან ერთად აფინანსებდა ჟურნალის – „ბედი ქართლისა” – ფრანგულენოვან გამოცემას, ფინანსურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ გამომავალ სხვა პერიოდულ გამოცემებსაც: “კავკასიონს”, “პრომეთეს”, “გუშაგს”, “საქართველოს გუშაგს”, “თეთრ გიორგის”, “თავისუფალ საქართველოს”, “საქართველოს”, “ფიროსმანს”, “ჩვენებურს” და სხვ. ახალციხის საპატიო მოქალაქეობის გარდა, ის იყო საქართველოს საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. კონფერენციის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრი, თანაორგანიზატორები კი – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები