ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონეთის სეიმში შეხვედრები გამართა
პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრები გამართეს
პარლამენტის ინფორმაციით, სეიმის ვიცემარშალ მარგოჟატა გოშევსკასთან, ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხალ იახთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კასპერ პლაჟინსკისთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არკადიუშ მულარჩიკთან.
შეხვედრებზე განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, შავი ზღვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. ნიკოლოზ სამხარაძემ პოლონელ კოლეგებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული რეფორმების და სამხრეთ კავკასიაში არსებული გამოწვევების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.
პოლონელმა კოლეგებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. პოლონელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ ისინი იმუშავებენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერის მობილიზებაზე, რადგან საქართველო წარმოადგენს პოლონეთის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს და ლიდერ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში.