ანწუხელიძის წამებაში მონაწილე ქართულად მოსაუბრე პირის მხილებისთვის ჯილდო, 30 ათასი დაწესდა

  ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველ კადრებში დაფიქსირებულ ქართულად მოსაუბრე ტერორისტს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, 30 000 აშშ დოლარით დასაჩუქრდება, – ამის შესახებ აღნიშულია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მამუკა ჟღენტისა და იუსტიციის გენერალ-მაიორის, პაატა დავითაიას მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ხანია მიიღეს, თუმცა ქვეყანაში საარჩევნო ციკლის გათვალისწინებით და სხვადასხვა მიზეზების გამო განცხადების გაკეთებისგან დღემდე თავს იკავებდნენ.
“საქართველოს ორი მოქალაქის განცხადება საქართველოს კონსტიტუციით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. საქართველო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რათა საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა არ დარჩეს დაუსჯელი და არავის გააჩნდეს იმის განცდა, რომ შერჩება ეს დანაშაული. საქართველოს სახელმწიფოს არ ექნება მომავალი, თუ პატივს არ მივაგებთ საქართველოს გმირებს. საქართველოს მოქალაქის მკვლელს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, არ უნდა გააჩნდეს იმის განცდა, რომ შერჩება ჩადენილი დანაშაული, რა დროც არ უნდა იყოს გასული. ქართველი გმირის სიცოცხლის მოსპობას, ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.
6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერორისტების მიერ მოკლული იქნა საქართველოს გმირი გიორგი ანწუხელიძე. საქართველოს ყველა მოქალაქის მეხსიერებაშია ის შემზარავი კადრები, რომლებიც ქართველი გმირის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ასახავს. გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებში კარგად სჩანს ჩვენს ჯარისკაცთან ქართულ ენაზე მოსაუბრე ტერორისტის სახე. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება. სამწუხაროდ, ის რეალური სამართლიანობა, რასაც მოითხოვს საქართველოს ისტორია, სახელმწიფოს თავმოყვარეობა და მომავლის პერსპექტივა, არ დამდგარა. არც აღნიშნულისაკენ მიზამნიმართული სვლის ნიშნებია სახეზე. ჩვენს დღევანდელ რეალობაში, ყველაფერი გაფეტიშებულ-ნიველირებულია. არადა, არის საკითხები, რომელთა პოლიტიზება, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად და/ან სხვა მერკანტილური მიზნების მისაღწევად გამოყენება ყოვლად დაუშვებელი და ამორალურია. გვჯერა რა, რომ საქართველოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი, ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული და ამასთან ღირსებით აღსავსე მომავალი, ვაცხადებთ: ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველ კადრებში დაფიქსირებულ ქართულად მოსაუბრე ტერორისტს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, დავასაჩუქრებთ 30 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხით. მიუხედავად იმისა, გამოიღებს თუ არა შედეგს ჩვენი მცდელობა, გვჯერა, რომ სამართლიანობის აღსადგენად, კანონით დაშვებული ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, მავანი დაფიქრდება აიღოს თუ არა მომავალში ხელი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები