ზელენსკიმ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ პუტინის განკარგულებები ბათილად ცნო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ანექსიასთან დაკავშირებით ბათილად გამოცხადდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის 4 ოქტომბრის No687/2022 განკარგულებაშია ნათქვამი.

სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის –  დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები