ირაკლი ქარსელაძე ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციას, რომლის ვიზიტი 26 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების მინისტრის მოადგილე, კამლეშ ჩათურვედი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება აქტივების მართვაში, უსაფრთხოების ინოვაციური პრაქტიკისა და კლიმატის მიმართ გზების მდგრადობის უზრუნველყოფის ტექნოლოგიების გამოყენებაში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინდოელ კოლეგებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ თანამედროვე სისტემებზე, რომელიც გამოიყენება დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორ პროექტების დაგეგმარების, ისე მათი განხორციელების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ მოინახულა ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილზე გაეცნო რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის პროცესს. დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას, ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალების განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებზე და აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის როლი, რთული რელიეფისა და კლიმატური ცვლილებების რისკების გათვალისწინებით, გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის მიმართულებით სამინისტროში დაგროვილ გამოცდილებაში.
თავის მხრივ, ინდურმა მხარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი ვიზიტისათვის და საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ინფორმაციის გაზიარებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები