კვენტინ ტარანტინოს ფილმების მთავარი ხმის დიზაინერი თბილისშია

1 ოქტომბერს, სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში, გაიმართება კვენტინ ტარანტინოს ფილმების მთავარი ხმის დიზაინერის, უაილი სთეითმენის შეხვედრა ქართული კინოინდუსტურიის წარმომადგენლებთან და მოხსენებით გამოსვლა.
უაილი სთეითმენი თბილისში ხმის პოსტპროდუქციისა და მუსიკის კომპანია POSTRED-ის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი უკავშირდება კომპანიის მიერ, The USAID Industry-Led Skills Development Program-ის ფარგლებში დაარსებული POSTRED Academy-ს გახსნას, რომელიც სტუდენტებს შეასწავლის ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის. კვენტინ ტარანტინოს ფილმების გარდა, უაილი სთეითმენს უმუშავია ისეთ ლეგენდარულ ფილმებზე, როგორებიცაა: „მარტო სახლში“, „გეიშას მოგონებები“, „შრეკი“, „ალექსანდრე“ და მრავალი სხვა.
მასთან მუშაობის გამოცდილება აქვს POSTRED-საც, კერძოდ, HBO-ს სერიალ Euphoria-ზე. იგი გახლავთ კომპანია SOUNDELUX-ის დამფუძნებელი, რომლის პარტნიორიც POSTRED-ის დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გახდა.
უაილი სთეითმენი ცხრაჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ და მიღებული აქვს „ემის“ ჯილდო სერიალისთვის „დედოფლის გამბიტი“. უაილი სთეითმენი ვიზიტის დროს შეხვდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, კახა სიხარულიძეს, USAID-ისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს, ასევე – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს.
მისი სტუმრობის მიზანია, მხარი დაუჭიროს POSTRED-სა და POSTRED Academy-ს და განავითაროს აუდიო პოსტპროდუქციის სერვისების ბიზნესი საქართველოში.
POSTRED-ი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლივუდშიც ცნობილი ხმის პოსტპროდუქციისა და მუსიკის კომპანიაა, რომელსაც უმუშავია შემდეგ პროექტებზე: Paramount Pictures-ის SCREAM, HBO-ს 16 „ემიზე“ ნომინირებული „ეიფორია“, A24-ის C’mon, C’mon ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით და ა.შ. ასევე, ქართულ ფილმებზე: ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“, დიტო ცინცაძის „შინდისი“ და სხვ.
სტუმრობის ფინანსური მხარდამჭერები არიან: USAID, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პარტნიორები: „აჭარა ჯგუფი“, „D ბლოკი“ და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები