ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს, ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს, ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი – გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბუენოს აირესის გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისა და თავაზიანი მასპინძლობისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ძალიან წარმატებული იყო. მე მას მადლობა გადავუხადე თავაზიანი მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ცალსახად წარმატებული გამოდგა. შევთანხმდით თანამშრომლობაზე, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ IAP-ის წევრებს შორისაც. მე იგი მივიწვიე ბუენოს აირესში და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს კვლავ შევხვდებით, იქნება ეს ბუენოს აირესში, აქ, საქართველოში თუ რომელიმე სხვა ახლომდებარე ქვეყანაში“, – განაცხადა ხუან ბაუტისტა მაჰიქესმა.

ბუენოს აირესის გენერალური პროკურორი, ხუან ბაუტისტა მაჰიქესი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასა და გენერალურ შეხვედრას მასპინძლობს, თემაზე – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები