თამარ ჯაფარიძე: “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონმა” მოზარდები აზარტულ თამაშებს მაქსიმალურად განარიდა

სამოქალაქო მოძრაობა – „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონმა” მოზარდები აზარტულ თამაშებს მაქსიმალურად განარიდა. ამის შესახებ ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, არსებობს კანონი “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომელიც მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. 25 წლამდე მოზარდებს, საჯარო მოხელეებს თამაშებში ჩართულობა ეკრძალებათ. ასევე, არსებობს თვითგანრიდების და მესამე პირის მიერ აკრძალვის მექანიზმი.

კანონის მიღებიდან 7 თვე გავიდა, ალბათ, საინტერესოა, რა ხდება აღსრულების კუთხით. ამ კანონმა თავის ეფექტი უკვე მოახდინა. განრიდების სიაში მოხვედრილი ადამიანები კმაყოფილებას გამოთქვამენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კანონმა ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, მოზარდები აზარტულ თამაშებს მაქსიმალურად განარიდა.

ეს არის არაჩვეულებრივი პოლიტიკური ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინა და აზარტულ, მომგებიან თამაშობებში ჩართულობისგან მოზარდების მაქსიმალური განრიდება მოხდა. რამდენიმე კვირის წინ სათამაშო ბიზნესმა გააჟღერა, თითქოს, მოზარდებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და ე.წ. ხელზე თამაში გახშირდა. მოვუწოდებ სათამაშო ბიზნესს, ამის ფაქტებიც მოგვიტანოს. მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფაქტები მოიტანონ და მყისიერი რეაგირება გვექნება. ამ ფაქტებს სახელმწიფო უწყებებს მივაწვდით და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

აზარტული თამაშები ბიზნესის ტოპათეულში იყო. 7 თვეში ამის დარეგულირება ყოვლად შეუძლებელია, ამის ილუზია არც გვქონია. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კონსოლიდაცია გვინდა, რომ ყველამ ერთად კანონმორჩილება გამოვიჩინოთ, ეს იქნება სათამაშო ბიზნესი, სახელმწიფო ინსტიტუციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. კანონი ყველამ კეთილსინდისიერად უნდა აღვასრულოთ. თუ სადმე დარღვევაა, მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდნენ და ვიბრძოლოთ, რომ კანონდარღვევა ერთად აღმოვფხვრათ“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაციაა შეტანილი.
„პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. 1-ელი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
• არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
2022 წლის 1 მარტიდან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8³ მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად: აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:
• იმ ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
• იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
• სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;
• საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე“, – წერია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები