“საქართველოსთან ომის დაწყების ალბათობა მაღალია, სანამ დოკუმენტს არ მოეწერება ხელი და ეს 5-6 ოქტომბერს შეიძლება, მოხდეს”- ინალ არძინბა
“თუ საქართველოს მშვიდობა სურს, მაშინ მან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელი 5-6 ოქტომბერს, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს უნდა მოაწეროს”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, იქამდე, სანამ “საქართველო ამ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს, საქართველოსთან ომის დაწყების ალბათობა მაღალია”.
„სანამ ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას არ მოვაწერთ ხელს, ჩვენ ომის ალბათობას განვიხილავთ და რადგან საქართველო ამ შეთანხმებას არ აწერს ხელს, ჩვენ აქედან გამოვდივართ“, – განაცხადა არძინბამ.
მანვე აღნიშნა, რომ “საქართველო სადაზვერვო დრონების მიწოდების კონტრაქტებს ზრდის, ფართოვდება კონტაქტები ნატო-სთან და მიმდინარეობს ერთობლივი წვრთნები შეერთებულ შტატებთან. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს სამხედრო ხარჯების მაღალ დონეს, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარი”.
„ოქტომბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, 5-6 რიცხვში იგეგმება ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისთვის. თუკი საქართველო მშვიდობაზეა განწყობილი, მაშინ ის მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. თუ მას არ სურს მშვიდობა, ეს ნიშნავს, რომ ის არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“, – დაასკვნა ინალ არძინბამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ ახორციელებს ზეწოლას “საქართველოზე, რომ მან გახსნას ე.წ. „მეორე ფრონტი“.