საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ლიეტუვას გენერალურ პროკურორს, ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ლიეტუვას რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი, ლიეტუვას გენერალური პროკურორის მოადგილე – გინტას ივანაუსკასი და ლიეტუვას რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ლიეტუვას პროკურატურის დელეგაციის წევრებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. როგორც შეხვედრაზე ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

“დღეს შევხვდით საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის გუნდს, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიება ძალიან სასარგებლოა ლიეტუვასთვის და იმედი მაქვს, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც ასეა” – აღნიშნა შეხვედრაზე ნიდა გრუნსკიენემ.​

ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

“კონფერენციის ორგანიზება არის იდეალური. მიღება და საქართველოს სტუმართმოყვარეობა შესანიშნავია. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავიგეთ საქართველოს შესახებ” – აღნიშნა ნიდა გრუნსკიენემ.

შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. ლიეტუვას გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე და გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე – “გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები