დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის პროექტზე იმსჯელეს.

პარლამენტის, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს კანონპროექტის კონცეფციაზე და მისიაზე.

„დღეს გვაქვს საშუალება კიდევ ერთ ფორმატში განვიხილოთ კანონპროექტი, მოვისმინოთ შენიშვნები, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და შესაბამისად მოვამზადოთ პროექტი იმისთვის, რომ დაიწყოს კომიტეტებში განხილვა. ჩვენი კომიტეტის მიზანია, რომ თითოეულ რეფორმაზე, თითოეულ კანონპროექტზე უზრუნველვყოთ მაქსიმალური ღიაობა და ჩართულობა. სხვადასხვა ფორმატებით ვცდილობთ ეს მაქსიმალურად დავიცვათ, რამდენადაც კარგად ვიაზრებთ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს კანონპროექტის შექმნაში და განხილვაში, მით უფრო მდგრადია ასეთი კანონები და გატარებული რეფორმები. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის განცხადებით ახალი კანონმდებლობა ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობას ახლებურად დაარეგულირებს.

„წარმოდგენილი პროექტი სრულიად ახალი რედაქციითაა წარმოდგენილი. ის არა მარტო სტრუქტურულად, კონცეპტუალურადაც შეიცვალა, გახდა უფრო მოქნილი, რაც ნიშნავს, რომ ის ორიენტირებულია ბიზნესზე. კანონს ემატება ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი ფორმები, სადაც ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. ეს ყველაფერი მაძლევს იმის იმედს, რომ კანონი იქნება კარგი, მოქნილი, და ის იმპლემენტაციის პერიოდი, რომელიც 2029 წელს უნდა დასრულდეს, იქნება წარმატებული”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.
შეხვედრაზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართა და პოზიციები შეჯერდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა”, რომელსაც ახორციელებს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები