ვახტანგ გომელაური: შარშან დავაკავეთ ძებნილი, რომელმაც 20 წლის წინ პოლიციელი ჩაცხრილა – ყველას უნდოდა მისი დაკავება მაშინვე, მაგრამ ვერ დააკავეს

მე არაერთხელ ავხსენი, სახუმარო არ არის ესებუას თემა და კიდევ გავიმეორებ, მაგალითად, დავაკავეთ ადამიანი, რომელსაც 20 წელი და 18 წელი ვეძებდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზუგდიდში მომხდარ ბანკის ყაჩაღობას და ბრალდებულის ძებნას შეეხებოდა.

„მე მაშინაც გავაკეთე განცხადება, რომ შარშან, 2021 წელს დავაკავეთ ძებნილი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. კიდევ ვიმეორებ, ყველას უნდოდა მისი დაკავება, რა თქმა უნდა, ბატონ მერაბიშვილს, მის გუნდს და ეს ჩვეულებრივი, ნორმალური თემაა, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ისე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ ყოვლისა, მივიჩნევ, ძალიან სწორი იყო, სისხლი რომ არ დაიღვარა, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, ნეტავ ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა, ამის გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობას, რა დროსაც მოქალაქე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბრალდებული არ დაემორჩილა სამართალდამცველებს, შეიარაღებული იყო და დაკავებისას მიიღო დაზიანებები, ხოლო, თუ არსებობს ამ დაზიანებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ამ ფაქტს, მიმართვის შემდეგ, პროკურატურა ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის.

„რაც შეეხება თანამზრახველს, გამოძიება მიმდინარეობს და მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა, იქ არ გამოიკვეთა კავშირი ვინმესთან. რაც შეეხება დაზიანებებს – დაკავების დროს მას ჰქონდა ასხმული ბომბები, ხელყუმბარები და დააკავეს, ძირს დააწვინეს, არ ემორჩილებოდა პოლიციას და მიიღო დაზიანებები. რომ ავედით დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე. მე შევედი, ვესაუბრე, რა თქმა უნდა. რაზე ვისაუბრეთ, მაგას არ ვიტყვი, ახლა არ მოვყვები. არის სამსახურები და თუ ეს ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, მაგაზე იჩივლებს და საჩივარს შეიტანს. სხვა სამსახურები არის, სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა და გამოიძიებენ, თუ ზედმეტად გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები