თოჯინების თეატრში სეზონი „ჟირაფი ჟოზეს“ საპრემიერო დადგმით გაიხსნა
„თოჯინების თეატრის სცენაზე პატარა მაყურებლებისთვის და მათი მშობლებისთვის თეატრალური სეზონი განსაკუთრებული საპრემიერო დადგმით დაიწყო, რადგან ყველასათვის საყვარელი ანიმაციური პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე თეატრის სცენაზეც გაცოცხლდა. სპექტაკლის მიხედვით, ჟოზე ინტერნეტსივრცეს ზედმეტადაა მიჯაჭვული და ამ პრობლემისგან მისი დახსნა აუცილებელია, მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად კი ჟირაფ ჟოზეს ერთგული მეგობრების დახმარება დასჭირდება.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნიკოლოზ საბაშვილი, ხოლო მხატვარი – ვახტანგ ქორიძე. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: თათია ბაქრაძე, დავით ბერიძე, თეა კიწმარიშვილი, ლევან კაციაშვილი, მაია მალხაზიშვილი, ნინი პაპიაშვილი, თორნიკე ფრანგიშვილი, ხატია ხაზიური, ნათია ხმიადაშვილი და მარიკა ძაგნიძე-ბიჭიაშვილი.
ცნობილი ანიმაციური პერსონაჟის, „ჟირაფი ჟოზეს“ იდეის ავტორი და ამავე სახელწოდების ქართული ანიმაციური სერიალის რეჟისორი გახლავთ გიორგი მარშანია. სწორედ გიორგი მარშანიას იდეის წყალობით შეემატათ პატარებს საყვარელი მეგობარი – ჟირაფი ჟოზე, რომელიც მათ სახალისო მეთოდებით უამრავი საჭირო ცოდნის ათვისებაში ეხმარება. ახლა კი, ჟოზესთან შეხვედრა და, პირიქით, ჟირაფი ჟოზეს დახმარება მათ თოჯინების თეატრში შეუძლიათ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.