ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას თანამშრომლობის შედეგად, მუზეუმს ახალი კატალოგი და ღია ბარათები ექნება
ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას თანამშრომლობის შედეგად, მუზეუმს ახალი კატალოგი და ღია ბარათები ექნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, 30 წელზე მეტია, რაც ეთნოგრაფიული მუზეუმის კატალოგი, ღია ბარათები და სხვა პროდუქცია არ განახლებულა.
„2021 წელს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ფარგლებში ფართო ავტონომია მიენიჭა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუზეუმის აღდგენა-განვითარების პროცესი. შარშანვე, მუზეუმის ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, ხმარებიდან იქნა ამოღებული საბჭოთა პერიოდში გამოცემული ბუკლეტები, ღია ბარათები და სხვა პროდუქცია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს გაფორმდა ხელშეკრულება მუზეუმსა და ცნობილ ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას შორის, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, ბადრი ვადაჭკორიას საავტორო ფოტოებით მუზეუმის კატალოგი და ღია ბარათები დამზადდება. ისინი მაღალი მხატვრული ხარისხით ასახავენ საქართველოს თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელ საკარმიდამო კულტურას, საცხოვრებელი სახლების მრავალფეროვნებასა და ჩვენი რეგიონების ტრადიციულ ყოფას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.