“ვითხოვთ ჩვენს ქვეყანაში ღირსეულ ანაზღაურებას” – სასწრაფოს ექიმები ისევ გაფიცვას აანონსებენ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ისევ პროტესტის რეჟიმში არიან. ისინი ხელფასის 100%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების შემსუბუქებას უკვე 5 თვეა, ითხოვენ.
დღეს ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი თქმით, პრობლემის შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, თუმცა, მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყოლია.
“50%-ით შეგვიმცირეს შემოსავალი და ვითხოვთ ხელფასის 100%-იან ზრდას. ყველა ვსხედვართ ჩემოდნებით, ნამდვილად არ გვინდა ქვეყნის დატოვება, არც ჩვენი ოჯახების გადახვეწა უცხოეთში. ვითხოვთ ჩვენს ქვეყანაში ღირსეულ ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას ნამდვილად ვიმსახურებთ. მე მგონი, ჩვენნაირი სამსახური ბევრი არაა, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის. ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენ მიმართ აქვს სახელმწიფოს დიდი სირცხვილია”, – თქვა ექიმმა, მაგული ებიტაშვილმა.
როგორც ექიმები ამბობენ, თუ მათი პრობლემა არ მოგვარდება, გაიფიცებიან. ასევე, გეგმავენ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას.