ნანუკა ჟორჟოლიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრობს და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაგეგმილ ერთ-ერთ აქციას იხსენებს, რომლის დაფინანსებაზეც უარი თავად პარტიაში განაცხადეს.

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ხელს უშლიდა სააკაშვილის დასახმარებლად გასამართი პოლიტიკური აქტივობების ჩატარებას.

„მიშას შიმშილობის 30-ე დღე იყო. ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ითხოვდნენ მის გადაყვანას საავადმყოფოში, გვინდოდა, რომ ამის მობილიზება გაგვეკეთებინა არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ მის მიღმა, რადგან რუსთავის ციხესთან არანაირი აქტივობა არ ხდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ დაწყებულიყო ცნობილი სახეების აქცია. მაშინ დავგეგმეთ, რომ კარგი იქნება, ამას ციხესთან თუ გავაკეთებდით და მათი პოზიციაც გაჟღერდებოდა აქციაზე. დავიგეგმეთ, ჩამოვწერეთ სია. დაახლოებით, 60-მდე ადამიანი იყო.

ლოგისტიკურად უზრუნველყოფა უნდა გაეკეთებინა პარტიას. საუბარია, რომ უნდა დაედგათ სცენა, თბილისში უნდა დაგვენიშნა სამარშრუტო ტაქსები, ლოგისტიკური ამბები იყო გასაკეთებელი, რაც მოითხოვდა ფინანსებსაც.

მითხრეს, რომ პარტიიდან არის ერთი ადამიანი, ვისაც ამ დეტალებზე უნდა დავეკონტაქტო. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან არაუცხოა, უფრო მეტიც ეს ადამიანი არის თავიდან ბოლომდე მიშას შექმნილი პოლიტიკურად, რასაც სხვებზე ვერ ვიტყვი. ის განსაზღვრავს ხარჯვის ნაწილს. მივედი და ვუთხარი სცენა არის საჭირო-თქო, ჯერ ისეთი აგრესიული გახდა, დათვლილი რატომ არ მომიტანეო. მთელი საქართველო გაერთიანდა მიშას ირგვლივ და მიშას თანამებრძოლი ჯერ რაღაცას მთხოვს და შემდეგ გახედა გვერდზე, ფიცარი ეგდო და ეს საკმარისი არ არისო, მითხრა.

ეს იყო პეტრე ცისკარიშვილი. მითხრა, პარტიაში დავილაპარაკებთო. დილის 5 საათზე დამხვდა მოწერილი, სიკვდილი მირჩევნია ახლა ამას რომ გწერ, რადგან უარია ამ ამბის პოლიტიკურ დაფინანსებაზეო. ყველა ჯერზე მეუბნებოდნენ, ნანუკა, ახლა ამის დრო არ არის, ამით იხეირებს კობახიძე. რით უნდა იხეიროს კობახიძემ, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს ფიზიკურად, იხეირეს უკვე. „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კატასტროფით უკვე ხეირობს“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები