დეკანოზი დავით ჭანტურია – ზივზივაძისა და კვარაცხელიას თამაშზე: ეს იყო გუნდურობის საუკეთესო მაგალითი – გულშემატკივრებმა დიდი ცხოვრებისეული მაგალითი ვიხილეთ

დღევანდელი მატჩის ეპიზოდი – ბუდუს ჩაჭრა, დროული პასი და ხვიჩას გოლი პატარა გულშემატკივრების, რომლებიც მრავლად იყვნენ დღეს სტადიონზე, გონებასა და ემოციებში მკაფიოდ დაფიქსირდება და ჩვენს ცხოვრებაზეც უსათუოდ მოახდენს დიდ ზეგავლენას, – ამის შესახებ თბილისი ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ჭანტურია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშს ეხმაურება.

“დღეს 23 სექტემბერს დინამო არენაზე ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება იზეიმა –
საქართველო 2:0 ჩრდ. მაკედონია.
ის, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა:
ბუდუ ზივზივაძის საგოლე ასისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე.
თვითონ მშვენიერ საგოლე სიტუაციაში მყოფმა უკეთესი არჩია და გოლი კვარას ანგარიშზეა.
რატომ უკეთესი?
ბუდუს რომ შეეგდო, ეს იქნებოდა ერთი ლამაზი გოლი, რომელიც სტატისტიკის სფეროში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. ხოლო ჩაჭრის შემდეგ ასისტის წამიერი მოფიქრება
და ზუსტი პასი სწორი შინაგანი წყობის გამოხატულება გახლდათ.
რატომ ვფიქრობ, რომ სწორია?
ეს იყო გუნდურობის საუკეთესო მაგალითი.
ეს არის ის, როცა შეგიძლია, შენი მართალი და გასაგები ამბიცია (ფორვარდის დანიშნულება გოლის გატანაა) გვერდზე გადადო და შენს პარტნიორზე, აქედან გამომდინარე, გუნდზე,
ზოგადად კი გულშემატკივარზე ითამაშო.
გულშემატკივარი რა შუაშია?
ჩვენ, გულშემატკივრებმა ამით დიდი ცხოვრებისეული მაგალითი ვიხილეთ.
მოედანზე ასპარეზობა ხომ ძალიან წააგავს ცხოვრებისეულ სარბიელს.
ღირსეული პიროვნებების ქცევა საზოგადოების მაგალითად იქცევა.
სამომავლოდ ეს საზოგადოება იმარჯვებს საკუთარ თავზეც და ცხოვრებისეულ გარემოებებზეც.  დღევანდელი მატჩის ეპიზოდი – ბუდუს ჩაჭრა, დროული პასი და ხვიჩას გოლი პატარა გულშემატკივრების, რომლებიც მრავლად იყვნენ დღეს სტადიონზე, გონებასა და ემოციებში მკაფიოდ დაფიქსირდება და ჩვენს ცხოვრებაზეც უსათუოდ მოახდენს დიდ ზეგავლენას. ოღონდ მაშინ, თუკი ხვალ დილიდანვე რომელიმე უმნიშვნელო, უსახო ნიუსს,
ფართოდ ტირაჟირებულს, დიდ საყოველთაო უბედურებად არ წარმოვადგენთ და ინგა და კუკარაჩასავით არ დავივიწყებთ დღევანდელი თამაშის ამ გუნდურობის საოცარ მაგალითს”, – წერს დეკანოზი დავით ჭანტურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები