თურქეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმი” დაგმო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო “რეფერენდუმი”, რომელსაც რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეს დიპლომატიურ პროცესს გაართულებს და არასტაბილურობის გაღრმავებას გამოიწვევს.
„შეშფოთებულები ვართ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ, უკრაინის ნაწილებში ცალმხრივი რეფერენდუმის ჩატარების მცდელობებით. ასეთი არალეგიტიმური ფაქტი არ იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. პირიქით, ეს ხელს შეუშლის დიპლომატიური პროცესის აღდგენას და კიდევ უფრო გაამწვავებს არასტაბილურობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მზადყოფნა, შეიტანოს ნებისმიერი საჭირო წვლილი მიმდინარე ომის საბოლოო გადაწყვეტაში მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.