„ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდა“ – ზაალ კასრელიშვილი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ

144 – მილიონიანი, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა რომ 43- მილიონიან, ჩვეულებრივი შეიარაღების მქონე უკრაინას ებრძვის და ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან გაუჭირდა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთს სამხედრო შეიარაღებაშიც უჭირს და ცოცხალ ძალაშიც.

„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულება გამოსცა. ჩვენთვის ტერმინი „ნაწილობრივი მობილიზაცია“ ცოტა გაუგებარია, ალბათ, გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვები ექნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სერიოზული შეტევისთვის ემზადება. რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აშკარად უჭირს. სამხედრო შეიარაღებაშიც უჭირს და ცოცხალ ძალაშიც. ლოჯისტიკა, პრაქტიკულად, მოშლილი ჰქონდა. 144 – მილიონიანი, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა რომ 43- მილიონიან, ჩვეულებრივი შეიარაღების მქონე უკრაინას ებრძვის და ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან გაუჭირდა. თუ არ ვცდები, უკრაინა ცოცხალი ძალით რუსეთს ორჯერ აღემატება, ტექნიკით ხომ აღემატება და აღემატება. ტექნიკასთან დაკავშირებით მინდა, გაგახსენოთ, რომ ბრძოლის პირველი ეტაპი უკრაიანამ სიმამაცით დაამთავრა. ამის შემდეგ ევროპელებმა იმდენი იარაღი მისცეს, რამდენიც რუსეთის ზეწოლის შეჩერებისთვის იყოს საკმარისი. ახლა აშშ და ინგლისი მას კონტრშეტევისთვის აძლიერებენ და ეხმარებიან.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებულია, ცოცხალი ძალის შესავსებად მობილიზაცია გამოაცხადოს. დემორალიზებულ არმიაში ეს რამდენად გაამართლებს, ეგ მეორე საკითხია. მაგრამ ფაქტია, რომ შეტევისთვის ემზადება. მეორე საკითხი, რაზეც, სამწუხაროდ, საქართველოში არც პრორუსები და არც პროდასავლელები ლაპარაკობენ, შიშის ფაქტორია. რატომღაც, პრორუს ქართველებსაც და რუს ექსპერტებსაც ჰგონიათ, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევაზე გადავა. არ ვიცი, რას ფიქრობენ – კრემლზე ააფრიალებენ უკრაინის დროშას? ვფიქრობთ, თეორიული შანსიც არაა იმისათვის, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევაზე გადავიდეს, მარტივი მიზეზის გამო – საერთაშორისო სამართლის ნორმებით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლას დაიწყებს და ტაქტიკით დამპყრობლის როლის სტრატეგიას აირჩევს, რუსეთს უფლება ექნება, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. როცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ ამ ბრძოლაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ტყუილია, ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს. მაგრამ ისიც ტყუილია, რომ რუსეთი დამარცხდება. დამარცხება კლასიკური გაგებით ნიშნავს იმას, რომ კრემლზე სხვა ქვეყნის დროშა აფრიალდება. ჩვენი აზრით, არც დამარცხება იქნება, არც გამარჯვება. ეს პროცესი იმისთვის მიდის, რომ რუსეთი ფულისგან, ტყვია-წამლისგან, ცოცხალი ძალისგან, აგრესიისგან დაიცალოს. ჩვენ, კავკასიელებს, სადაც წამყვანი აკორდი ქართველი უნდა იყოს და , სამწუხაროდ, დღეს ასე არაა, ჩვენი ინტერესების დაცვა მოგვიწევს მას შემდეგ, რაც საქმე ყირიმამდე მივა. მანამდე, თემაში არ ვართ. რაც შეეხება ყირიმს – ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კულისებში მიდის მოლაპარაკება. ვიცით, რომ კრემლში არის დაჯგუფება, რომელიც თანახმაა, ყველაფერი დათმოს, ყირიმის გარდა. ეს არაა დეზინფორმაცია. ეს ინფორმაცია ევროპელებსაც აქვთ და ამერიკელებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზე ლაპარაკი შედგა. ჩვენი მიზანი რეგიონული, სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერება, საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა იყოს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ანალიტიკოსმა კავკასიის რეგიონში არსებული ვითარებაც შეაფასა.

„არ შეიძლება, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს არ შევეხოთ. ვამბობდით, ვამბობთ და მომავლშიც ვიტყვით, აზერბაიჯანმა მიიღო ის, რაც უნდოდა. მაგრამ ახლა აზერბაიჯანს უნდა ის, რაც თურქეთს და აზერბაიჯანს იმისათვის აწყობს, რომ შუა აზიაში თურქულენოვან მოსახლეობაზე გავიდნენ – ესაა უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი. თურქეთის გავლენა ჩინეთის საზღვრებამდე მივა. უსერიოზულესი პროცესია. გლობალური პოლიტიკის არქიტექტორებმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპირწონედ თურქეთი გააძლიერეს. თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ პროცესს სათავისოდ იყენებს – ესაა ზანგეზურის დერეფანი. რუსეთს არ ძალუძს, აზერბაიჯანს და თურქეთს თავისი ამბიცია დაუპირისპიროს და სომხეთის მხარდასაჭერად ღიად ჩაერიოს. მაგრამ ზანგეზურის თურქეთ-აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლა არც ევროპელს აწყობს, არც ამერიკელს, ამიტომ, კონგრესის დელეგაცია ჩავიდა და მხარი სომხეთს დაუჭირა. ჩვენ არ გვგონია, რომ ზანგეზურის დერეფანი თურქეთის და აზერბაიჯანის გამგეობის ქვეშ გადავიდეს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ მან ხალხისადმი მიმართვაში თქვა. მისი თქმით, სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები