FT: თურქეთმა შესაძლოა, რუსული ბარათების მიღება შეწყვიტოს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეშვიდე თვეში, აშშ და ევროკავშირი თურქეთზე ზეწოლას იმის გამო აძლიერებენ, რომ რუსული გადახდის სისტემა თურქულ ბანკებთან ისევ არის მიმაგრებული.
ევროკავშირში შიშობენ, რომ თურქეთის საბანკო სექტორი არის ხვრელი, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.
ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
აღნიშნულია, რომ რუსეთის გადახდის სისტემა Мир-თან მიმაგრებულია ხუთი მსხვილი თურქული ბანკი: Vakıfbank, Ziraat Bank, İş Bank, DenizBank და Halkbank-ი.
მათგან ორი – კერძო ბანკი DenizBank, რომელიც ეკუთვნის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Halkbank-ი, Мир-ის სისტემას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუკავშირდნენ.
გამოცემის ცნობით, ბრიუსელი ამზადებს დელეგაციას, რომელიც თურქეთში ოფიციალურ პირებს შეშფოთებას პირდაპირ გამოუთქვამს.
”ჩვენ გავაგზავნით ძალიან მკაფიო სიგნალს, რომ, მაგალითად, მესამე ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები არ უნდა დაუკავშირდნენ Mir-ის გადახდის სისტემას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ეს მოიცავს სანქციების თავიდან აცილების გარკვეულ რისკებს. ხვრელები უნდა დავხუროთ,” – თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროს ინფორმაციით, თურქეთის გარდა, პოტენციური ხვრელების წინააღმდეგ ზომების სამიზნეა ასევე კავკასიის, ცენტრალური აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები.