ცხადდება ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი – „ნოვაცია“
ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრი „აგორა“ და გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ აცხადებენ საერთაშორისო კონკურსს პოეზიაში.
როგორც „კვირას“ კონკურსის ორგანიზატორებმა აცნობეს, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ და ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრი „აგორა“ ერთობლივად ატარებენ პაატა ნაცვლიშვილის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონკურსს პოეზიაში – „ნოვაცია“, რომელიც ამჯერად პაატა ნაცვლიშვილის სახელს უკავშირდება.
„16 ოქტომბერს მრავალმხრივ მოღვაწეს – ჟურნალისტს, მწერალს, მხატვარს, მეცნიერს, მოგზაურსა და, რაც მთავარია, პოეტს – პაატა ნაცვლიშვილს 70 წელი უსრულდება. მუდმივი სწრაფვა ნოვაციისაკენ, სიახლის მუდმივი ძიება – პაატა ნაცვლიშვილის არსობრივი თვისებაა, რომელ სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს იგი. მის პოეზიაში ეს თვისება განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ავტორს. მონაწილე შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე.
საკონკურსოდ თითო ავტორისგან მიიღება ერთი, ბეჭდურად გამოუქვეყნებელი ქართულენოვანი ნაწარმოები, ან საკუთარი უცხოურენოვანი ნაწარმოების ქართული მხატვრული თარგმანი, მთარგმნელის მითითებით.
თემატიკა, ჟანრი, სტილი, ფორმა, ლექსის სახეობა, ზომა – შეუზღუდავია.
პირობა ერთადერთია: საკონკურსო ლექსი უნდა შეიცავდეს რაიმე სახის სიახლეს ან ავტორი ახლებურად უნდა წარმოაჩენდეს ლექსის რომელიმე ტრადიციულ ასპექტს.
კონკურსის ჟიურის საპატიო თავმჯდომარეა ვახტანგ ჯავახაძე.
ჟიურის წევრები არიან: ივანე ამირხანაშვილი (თბილისი), მიხეილ ანთაძე (თბილისი), ინგა ჟღენტი (ატლანტიკ-სიტი, აშშ), ნინო დარბაისელი (ნეშვილი, აშშ).
საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოებები არ რეცენზირდება. თუმცა ჟიურის წევრს აქვს უფლება, კონკურსის დასრულების შემდგომ დაწეროს და გამოაქვეყნოს რეცენზია რომელიმე მათგანზე.
დაწესებულია ოთხი პრიზი: პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ პაატა ნაცვლიშვილის პირველი, მეორე და მესამე პოეტური კრებულები ავტორის წარწერით, „აგორას“ სამახსოვრო დიპლომთან ერთად.
პირველი ადგილი – პაატა ნაცვლიშვილის ლექსების სულ პირველი კრებული „სიყვარულის გაგრძელება“ („მერანი“, თბ. 1983), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით;
მეორე ადგილი – პაატა ნაცვლიშვილის ლექსების მეორე კრებული „სიყვარულის დასაწყისი („ნაკადული“, თბ. 1986), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით;
მესამე ადგილი – პაატა ნაცვლიშვილის ლექსების მესამე კრებული „სიყვარულის დასასრული“ („პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, თბ. 2001), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით.
პაატა ნაცვლიშვილი, ჟიურისგან დამოუკიდებლად, ფინალში გასული ლექსებიდან შეარჩევს ერთს და მიანიჭებს მთავარ, პერსონალურ, პირად პრიზს – პარიზში გამოცემულ თავის ორენოვან წიგნს ავტოგრაფით; მთავარი პრიზი შეიძლება გადაეცეს რომელიმე პრიზიორსაც.
კონკურსის მთავარი პრიზია პაატა ნაცვლიშვილის ლექსების ქართულ-ფრანგული კრებული „ხელოვნური ყვავილები“ (სოლენზარის კულტურის ინსტიტუტის გამოცემა, პარიზი, 2014), ავტორის სახელობითი ავტოგრაფით.
გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ და „აგორაზე“.
კონკურსის მონაწილენი თავად არიან სრულად პასუხისმგებელი საავტორო უფლებათა დაცვაზე.
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 2 ოქტომბრის ღამის 12 საათი თბილისის დროით. ფინალისტთა ვინაობა ცნობილი გახდება 2022 წლის 9 ოქტომბერს. ყველა ფინალისტმა ამავე ელფოსტაზე უნდა გამოგზავნოს ერთი საკუთარი ფოტოსურათი და ხუთი დამატებითი ლექსი (შესაძლებელია ბეჭდურად გამოქვეყნებულიც) – შესარჩევად და „აგორაზე“ დასადებად. ფინალისტთა ლექსების გამოქვეყნების თანამიმდევრობას განსაზღვრავს „აგორას“ ადმინისტრაცია. ეს პროცესი შეწყდება 15 ოქტომბერს. გამარჯვებულთა ვინაობა გამოქვეყნდება „აგორაზე“, 2022 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის დროით საღამოს 16 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საკუთარი საკონკურსო ლექსი უნდა გამოაგზავნოს ელფოსტაზე: ninodarbi@hotmail.com
ლექსს უნდა ახლდეს ავტორის ვინაობა სრულად. სურვილის შემთხვევაში, ავტორს შეუძლია, ლექსს დაურთოს ტექსტი, რომელშიც განმარტავს, თუ რა და რატომ მიაჩნია ნოვაციად საკუთარ ლექსში.
კითხვები შეგიძლიათ დატოვოთ „აგორაზე“, კომენტარებში““, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.