საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში, საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან, კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინული მხრიდან – სახელმწიფო მდივანი იულიან ფოტა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიურად ვითარდება. მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინეთის გამორჩეულად მაღალი კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გაწეული პოლიტიკური თუ პრაქტიკული მხარდაჭერა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის გაფორმების პრიორიტეტულობაზე, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის განხილვისას, ხაზი გაესვა როგორც მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს, ასევე წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას. აქცენტი გაკეთდა აქტიურ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით. დაფიქსირდა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერება, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ორი ქვეყნის საერთო სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ისე ევროკავშირთან პირდაპირი მიმოსვლის ხელშეწყობის კუთხით.

მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების კონტექსტში, რუმინელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ აქტივობებზე, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შედეგებზე, მათ შორის, კონკრეტულ ინიციატივებსა და პროგრამებზე. აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომის მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

აქცენტი გაკეთდა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტულობაზე, რასაც არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი შეეხო ნატო-ს მადრიდის სამიტის შედეგებს და დადებითად შეფასდა ასპირანტი საქართველოს მიერ მიღწეული ხელშესახები პროგრესი. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას.

მინისტრის მოადგილემ რუმინელ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა პარტნიორთა მხარდაჭერის მნიშვნელობას აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მაქსიმალურად წარმოჩენისათვის.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. აღინიშნა, რომ რუმინეთი კვლავაც თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს პრიორიტეტების ხელშეწყობას.

კონსულტაციებისას მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

განხილული იქნა რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს.

მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული დიალოგი და კომუნიკაცია ორმხრივი თუ რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები